Bull დროშის შაბლონი

რა არის Bull დროშა?

Bull დროშის შაბლონი წარმოადგენს ტექნიკური ანალიზის (TA) დროს გამოყენებულ დიაგრამას, რომელიც აღნიშნავს პაუზას ძლიერი აღმავალი ტენდენციის დროს, რომლის შემდეგაც ფასი აგრძელებს მატებას. მას აქვს ტარიანი დროშის ფორმა, სადაც ფასის მკვეთრი მატების აღმნიშვნელი გრძელი ხაზი წარმოადგენს „ტარს“, ხოლო მცირე ზომის ჰორიზონტალური ან ოდნავ დაღმავალი მიმართულებით დახრილი ხაზები წარმოადგენს „დროშას“. Bull დროშის შაბლონი ტრეიდერებს ეხმარება დააფიქსირონ მომენტები, როდესაც აღმავალი მიმართულებით მოძრავი ფასი სავარაუდოდ გააგრძელებს ზრდას.

როგორ მუშაობს Bull დროშის შაბლონი

Bull დროშის ანატომია

გამოსახულების სრულად სანახავად, დააწკაპუნეთ ან შეეხეთ მას:

  • დროშის ტარი: აღნიშნავს ფასის სწრაფ და მკვეთრ ზრდას, რაც ჩვეულებრივ ვაჭრობის მაღალი მოცულობის დროს ფიქსირდება და მიანიშნებს ძლიერ ყიდვის წნეხზე.
  • დროშა: ფასის მატების შემდეგ დგება მოკლე პაუზის პერიოდი და ფასი ჰორიზონტალურად ან ოდნავ დაღმავალი მიმართულებით მოძრაობს. ჩვეულებრივ, ამ პერიოდში ვაჭრობის მოცულობა ეცემა.

ზოგჯერ დროშას შეიძლება ჰქონდეს მცირე ზომის სამკუთხედის ფორმა, რომელსაც Bullish ალამს უწოდებენ, თუმცა მთავარი იდეა უცვლელია: ფასის მკვეთრი მატების შემდეგ, ბაზარი იღებს მოკლე პაუზას, თუმცა ფასის მნიშვნელოვანი კლების გარეშე.

მოცულობის ტენდენციები

ფასის მკვეთრი მატების დროს („დროშის ტარის“ ფაზა) ვაჭრობის მოცულობა მაღალია. ამის შემდეგ იწყება კონსოლიდაციის, ანუ „დროშის“ ფაზა, რა დროსაც მოცულობა მცირდება. როდესაც ფასი გასცდება „დროშის“ შაბლონს, ხშირ შემთხვევაში ვაჭრობის მოცულობა კვლავ იზრდება, რასაც მოსდევს აღმავალი ტენდენციის მომდევნო ეტაპი.

ფასის მოძრაობის პროგნოზირება

როდესაც ფასი ასცდება დროშის ზედა კიდეს, ტრეიდერებმა შეიძლება ივარაუდონ, რომ ფასი გააგრძელებს ზრდას. სამიზნე ფასის განსაზღვრის გავრცელებული მეთოდია დროშის ტარის სიმაღლის გაზომვა და გარღვევის წერტილამდე მანძილის დამატება.

რა არის მისი ხანგრძლივობა?

ჩვეულებრივ, Bull დროშის პერიოდი რამდენიმე დღე ან კვირაა. თუ პაუზა ძალიან დიდხანს გრძელდება, ის შეიძლება გარდაიქმნას სხვა შაბლონად, მაგალითად მართკუთხედად ან სამკუთხედად.

Bull დროშის შაბლონის იდენტიფიკაცია

ფასის დიაგრამაზე Bull დროშის იდენტიფიკაციისთვის ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ ნიშნებს:

  1. პაუზამდე ფასის ძლიერი და სწრაფი ზრდა.

  2. ფასის უმნიშვნელოდ ან ოდნავ დაღმავალი მიმართულებით მოძრაობის მოკლე პერიოდი.

  3. ვაჭრობის მაღალი მოცულობა ფასის ზრდის დროს, რაც ეცემა პაუზის პერიოდში.

  4. გარღვევა, როდესაც ფასი ცდება დროშის ზედა ზღვარს.

  5. გარღვევის შემდეგ ფასი იწყებს ზრდას, რაც შაბლონის დადასტურებას წარმოადგენს.

მაგალითი და რჩევები

გამოსახულების სრულად სანახავად, დააწკაპუნეთ ან შეეხეთ მას:

  • Bull დროშის შაბლონებს ყოველთვის იდეალური ფორმა არ აქვს. მთავარია დაფიქსირდეს ფასის მკვეთრი ზრდა, რომელსაც მოყვება მოკლე პაუზა.

  • რაც უფრო მოკლეა პაუზა, მით უკეთეს სავაჭრო სიგნალს გვთავაზობს ის და ამარტივებს stop-loss შეკვეთების განთავსებას.

  • გარღვევის დროს მოცულობაზე დაკვირვება დაგეხმარებათ დაადასტუროთ შაბლონის ეფექტურობა.

Bull დროშა და Bear დროშა

Bull დროშა წარმოადგენს აღმავალი ტენდენციის შაბლონს, ხოლო Bear დროშა ფიქსირდება დაღმავალი ტენდენციის დროს და წარმოადგენს ფასის ვარდნის პოტენციური გაგრძელების სიგნალს. Bear დროშების შემთხვევაში, ვაჭრობის მოცულობის ცვლილებები შესაძლოა განსხვავებული იყოს, რადგან გაყიდვის წნეხმა შესაძლოა ტრეიდერებს შორის მღელვარება გამოიწვიოს.

დასკვნა

Bull დროშა პოპულარულ და სანდო შაბლონს წარმოადგენს, რომელიც ასახავს პაუზას აღმავალი ტენდენციის პერიოდში, რასაც ხშირად მოჰყვება ფასის კიდევ უფრო მეტად ზრდა. ის ტრეიდერებს ეხმარება ყიდვის შესაძლებლობების იდენტიფიკაციასა და ფასის სავარაუდო მოძრაობის პროგნოზირებაში. ნებისმიერი სხვა შაბლონის მსგავსად, ის ყოველთვის იდეალურად არ მუშაობს, ამიტომ ის უნდა გამოიყენოთ სხვა ინდიკატორებთან ერთად და სათანადოდ უნდა მართოთ რისკები.